შუმერები

Thursday, October 28, 2010
შუმერი - (შუმერულად ki-en-ĝir15) უძველესი ცივილიზაცია მესოპოტამიაში ძვ. წ. VI - ძვ. წ. III ათასწლეულებში. დღეისთვის შუმერული ცივილიზაცია ჩვენთვის ცნობილი უძველესი კულტურაა. სავარაუდოდ, სწორედ შუმერებმა მოიგონეს ირიგაცია, ბორბალი და დამწერლობა.

შუმერები ერი რომელმაც შექმნა შუმერული ცივილიზაცია სამხრეთ მესოპოტამიაში. შუმერები არ იყვნენ მესოპოტამიის მკვიდრი მოსახლეები, სავარაუდოდ ისინი მესოპოტამიაში ძვ. წ. VI - ძვ. წ. V ათასწლეულებში გადმოსახლდნენ. მათი თავდაპირველი სამშობლო უცნობია. შუმერები საუბრობდნენ შუმერულ ენაზე, მეცნიერებმა ჩაატარეს აზიის ყველა ენის ანალიზი, მაგრამ შუმერული ენის მსგავსი ვერ აღმოაჩინეს, დღეს უცნობია ამ ენის მონათესავე ენები. შუმერების თვითდასახელებაა "შავთავიანები". შესაძლოა ეს იმას ნიშნავს რომ შუმერთა თავდაპირველ სამშობლოში არსებობდნენ "თეთრთავიანებიც", ანუ ღია ფერის თმის მქონე ხალხი. შუმერული არქიტექტურიდან და ენის ანალიზიდან გამომდინარე მეცნიერები ვარაუდობენ რომ ისინი მთიანი რეგიონიდან გადმოსახლდნენ, ამავე დროს ისინი კარგი მეზღვაურები იყვნენ, რაც ასევე გვაფიქრებს რომ ისინი ზღვისპირა რეგიონიდან იყვნენ, ამაზე მათი მითოლოგიაც მიუთითებს. ზოგი მოსაზრებით შუმერები ზღვით მოვიდნენ შუამდინარეთში. მეტად სავარაუდოა, რომ შუმერები სამხრეთიდან მოვიდნენ, რადგან შუამდინარეთის სამხრეთში დასახლების შემდეგ მათ ჩრდილოეთით დაიწყეს ექსპანსია. შუმერული ქალაქ-სახელმწიფოების წარმოშობა
ადამიანის მიერ სამხრეთ შუამდინარეთის ათვისება დაიწყო ძვ. წ. VI ათასწლეულში. VI - V ათასწლეულებში აქ დასახლებული ტომები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ, რეგიონში ძალიან ცოტა იყო მიწათმოქმედებისთვის ვარგისი მიწები. მხოლოდ ძვ. წ. IV ათასწლეულისთვის დაიწყეს ტომებმა გაერთიანება და ევფრატის ნაპირებზე ირიგაციული სისტემების შექმნა. საირიგაციო სისტემის შექმნამ გამოიწვია მოსავლის ზრდა და პროდუქციის დაგროვების შესაძლებლობა, რასაც თავის მხრივ მოჰყვა შრომის დიფერენციაცია და მოგვიანებით, კლასების ჩამოყალიბება.

დაიწყო ასევე დასახლებების ზრდა და ქალაქების ჩამოყალიბება. ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისში დიდ დასახლებებს, სადაც ტაძრებიც იყო, გალავნები შემოარტყეს, ასე წარმოიშვა პირველი ქალაქები. ტაძრები ასრულებდა არა მხოლოდ რელიგიური კულტის თაყვანისცემის ფუნქციას, არამედ აქ იყო საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრი და ინახებოდა მოსავლის მარაგი. დაახლოებით ძვ. წ. 3000 - ძვ. წ. 2900 წლებში ტაძრების მეურნეობა იმდენად გართულდა, რომ საჭირო გახდა უფრო რთული აღრიცხვის სისტემის შემუშავება, რამაც განაპირობა დამწერლობის შექმნა.

ამ პერიოდისთვის დაარსებული უდიდესი შუმერული ქალაქები იყო: ერიდუ, ნიფური, ქიში, ლაგაში, ურუქი, ური და უმა.

0 comments:

Post a Comment