გაიუს იულიუს კეისარი დაიბადა ძვ. წ. 100, 12 ივლისს, წარჩინებული პატრიციანული გვარის, გაიუს იულიუს კეისრის ოჯახში. კეისრის ახალგაზრდობა სულას დიქტატურას დაემთხვა. ეს იყო უაღრესად სისხლიანი დრო რომის ისტორიაში. გაიუს მარიუსი, იმ დროისათვის უკვე გარდაცვლილი მხედართმთავარი, სულას დაუძინებელი მტერი კეისარს ბიძად ეკუთვნოდა (მამიდის — იულიას მეუღლე). ეს, კი სასიკვდილო განაჩენი იყო იმ დროს. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ კეისარი ძალიან ახალგაზრდა იყო, სულა მასში უკვე ხედავდა ძლიერ პიროვნებას და მისი რეჟიმის მტერს. კეისარი იხსნა ვესტას ქურუმ ქალთა თხოვნამ. კეისარს რომში აღარ დაედგომებოდა. იგი წავიდა საბერძნეთში, სამოგზაუროდ და სასწავლებლად. სულას გარდაცვალების შემდგომ კეისარი ისევ დაბრუნდა რომში, სადაც დაიწყო აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა. კეისარს სამომავლოდ დიდი პროექტები ჰქონდა დაგეგმილი, მათ განსახორციელებლად კი საჭირო იყო ძალაუფლების ხელში ჩაგდება.პირველი თანამდებობა, რომელიც მან მიიღო, იყო სამხედრო ტრიბუნობა, ანუ ლეგიონის მეთაურობა. ამ თანამდებობაზე ან კონსულები ნიშნავდნენ, ან სახალხო კრებაზე ირჩევდნენ. კეისარი სწორედ ხალხმა აირჩია სამხედრო ტრიბუნად. მას მეტოქეც ჰყავდა ამ თანამდებობაზე - გაიუს პოპილიუსი - მაგრამ ხალხმა პოპილიუსს კეისარი ამჯობინა.
ეს გამოხატულება იყო იმ საერთო პატივისცემისა და სიყვარულისა, რომლითაც ახალგაზრდა კეისარი გარემოსილი ყოფილა სწორედ სახალხო ფენებში. ხალხს ხიბლავდა მისი თავაზიანობა, ალერსიანი მოპყრობა და ლამაზი, ჭკვიანი სიტყვდა, განსაკუთრებით კი მისი სიუხვე და ხელგაშლილობა - ხალხისთვის გაშლილი მდიდრული სანადიმო სუფრები
არისტოკრატები კი - რესპუბლიკისთვის “თავდადებული” არისტოკრატები, რომლებიც ყოფელი ცალკე პიროვნების აღზევებაში მათი ხელისუფლების მომავალ დამამხობელს ხედავდნენ - ჯერ მაინც რაიმე საშის ძალად არ მიიჩნევდნენ კეისარს. მალე ფული შემოელევა, ეგ სახალხო სუფრები მოუწყდება და ხალხიც, როგორც ყოველთვის, თავის ფარისეველ კეთილისმყოფელს მიატოვებს და დაივიწყებსო - ფიქრობდნენ ოპტიმისტები, კეისრის პიროვნული მოშურნენი და მოძულენი.
მაგრამ “რესპუბლიკის მამათა” შორის მაინც იყო ერთი კაცი, რომელიც კეისარში იმთავითვე ხედავდა რესპუბლიკისთვის მომავალ საფრთხეს. ეს კაცი იყო ციცერონი, რომელიც მაშინდელ ჭაბუკ კეისარს დროებით დამშვიდებულ ზღვას ადარებდა. კეისრის ალერსიანობა და სიხალისე ოდენ გარეგნული საფარველია, ხოლო შინაგანად მასში ტირანული შინაარსის განზრახვები იმალებაო, - ამბობდა ციცერონი, თუმცაღა, ხანგადან ამასაც დასძენდა იგი: “როცა მე მის გულმოდგინე დაწყობილ თმას ვუცქერ, როცა ვხედავ, იგი თავს ერთი თითით იფხანს, მაშინ კი აღარ მგონია, იმ კაცს გუნებაში ისეთი დიდი ბოროტი ზრახვა ჰქონდეს, როგორიც რომაელთა სახელმწიფოებრივი წყობილების დამხობაა”.
ერთი თითით თავის ფხანა რომში ქალაჩუნობად ითვლებოდა და ციცერონიც თითქოს იმედოვნებდა, რომ ქალივით კოპწია კეისარი მოკლებული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო გადატრიალებისთვის აუცილებელ ვაჟკაცურ თვისებებს.
კეისარი კი ხალხში სიყვარულსა და მხარდაჭერას უფრო და უფრო იძლიერებდა. იმჟამად იგი ცნობილი აპიუსის გზის (via Apia) (გზა რომსა და კაპუას შორის) პროკურატორად იყო დანიშნული და მიუხედავად ათას სამასი ტალანტის ვალისა, მაინც ამ გზის კეთილმოწყალედ კეისარმა პირადი ქონებიდან არაფერი დაზოგა.
0 comments:
Post a Comment