შუმერები

Thursday, October 28, 2010
შუმერი - (შუმერულად ki-en-ĝir15) უძველესი ცივილიზაცია მესოპოტამიაში ძვ. წ. VI - ძვ. წ. III ათასწლეულებში. დღეისთვის შუმერული ცივილიზაცია ჩვენთვის ცნობილი უძველესი კულტურაა. სავარაუდოდ, სწორედ შუმერებმა მოიგონეს ირიგაცია, ბორბალი და დამწერლობა.

შუმერები ერი რომელმაც შექმნა შუმერული ცივილიზაცია სამხრეთ მესოპოტამიაში. შუმერები არ იყვნენ მესოპოტამიის მკვიდრი მოსახლეები, სავარაუდოდ ისინი მესოპოტამიაში ძვ. წ. VI - ძვ. წ. V ათასწლეულებში გადმოსახლდნენ. მათი თავდაპირველი სამშობლო უცნობია. შუმერები საუბრობდნენ შუმერულ ენაზე, მეცნიერებმა ჩაატარეს აზიის ყველა ენის ანალიზი, მაგრამ შუმერული ენის მსგავსი ვერ აღმოაჩინეს, დღეს უცნობია ამ ენის მონათესავე ენები. შუმერების თვითდასახელებაა "შავთავიანები". შესაძლოა ეს იმას ნიშნავს რომ შუმერთა თავდაპირველ სამშობლოში არსებობდნენ "თეთრთავიანებიც", ანუ ღია ფერის თმის მქონე ხალხი. შუმერული არქიტექტურიდან და ენის ანალიზიდან გამომდინარე მეცნიერები ვარაუდობენ რომ ისინი მთიანი რეგიონიდან გადმოსახლდნენ, ამავე დროს ისინი კარგი მეზღვაურები იყვნენ, რაც ასევე გვაფიქრებს რომ ისინი ზღვისპირა რეგიონიდან იყვნენ, ამაზე მათი მითოლოგიაც მიუთითებს. ზოგი მოსაზრებით შუმერები ზღვით მოვიდნენ შუამდინარეთში. მეტად სავარაუდოა, რომ შუმერები სამხრეთიდან მოვიდნენ, რადგან შუამდინარეთის სამხრეთში დასახლების შემდეგ მათ ჩრდილოეთით დაიწყეს ექსპანსია. შუმერული ქალაქ-სახელმწიფოების წარმოშობა
ადამიანის მიერ სამხრეთ შუამდინარეთის ათვისება დაიწყო ძვ. წ. VI ათასწლეულში. VI - V ათასწლეულებში აქ დასახლებული ტომები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ, რეგიონში ძალიან ცოტა იყო მიწათმოქმედებისთვის ვარგისი მიწები. მხოლოდ ძვ. წ. IV ათასწლეულისთვის დაიწყეს ტომებმა გაერთიანება და ევფრატის ნაპირებზე ირიგაციული სისტემების შექმნა. საირიგაციო სისტემის შექმნამ გამოიწვია მოსავლის ზრდა და პროდუქციის დაგროვების შესაძლებლობა, რასაც თავის მხრივ მოჰყვა შრომის დიფერენციაცია და მოგვიანებით, კლასების ჩამოყალიბება.

დაიწყო ასევე დასახლებების ზრდა და ქალაქების ჩამოყალიბება. ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისში დიდ დასახლებებს, სადაც ტაძრებიც იყო, გალავნები შემოარტყეს, ასე წარმოიშვა პირველი ქალაქები. ტაძრები ასრულებდა არა მხოლოდ რელიგიური კულტის თაყვანისცემის ფუნქციას, არამედ აქ იყო საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრი და ინახებოდა მოსავლის მარაგი. დაახლოებით ძვ. წ. 3000 - ძვ. წ. 2900 წლებში ტაძრების მეურნეობა იმდენად გართულდა, რომ საჭირო გახდა უფრო რთული აღრიცხვის სისტემის შემუშავება, რამაც განაპირობა დამწერლობის შექმნა.

ამ პერიოდისთვის დაარსებული უდიდესი შუმერული ქალაქები იყო: ერიდუ, ნიფური, ქიში, ლაგაში, ურუქი, ური და უმა.

ლეონარდო ბრუნი

Monday, October 25, 2010

ლეონარდო ბრუნი (იტალ. Leonardo Bruni; დ. 1369– გ. 9 მარტი, 1444)–იტალიელი ჰუმანისტი და ისტორიკოსი. დაიბადა არეცოში, რის გამოც არეტინო შეარქვეს. XIV საუკუნის 80–იან წლებში ბრუნი ფლორენციაში გადმოსახლდა, სადაც მან შესანიშნავი განათლება მიიღო. მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს ფრანჩესკო პეტრარკამ, კალუჩო სალუტატიმ და სხვ.

1405–1415 წლებში ბრუნი მდივნად მუშაობდა პაპის კურიაში. 1415 წლიდან იგი კვლავ ფლორენციაში დაბრუნდა, რომელიც არასოდეს დაუტოვებია. იმავე წელს მან ფლორენციის რესპუბლიკის მოქალაქეობა მიიღო, ხოლო 1427 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე რესპუბლიკის კანცლერის თანამდებობა ეკავა.

ლეონარდო ბრუნიმ მრავალმხრივი შემოქმედებითი მემკვიდრეობა დატოვა. მან ბერძნულიდან ლათინურ ენაზე თარგმნა პლატონის, არისტოტელეს, პლუტარქეს, ქსენოფონტესა და სხვათა შრომები. მისი მნიშვნელოვანი ნაშრომია „ფლორენციელი ხალხის ისტორია“, რომელიც კომუნის შეკვეთით დაწერა და 1439 წელს დაასრულა. მის კალამსვე ეკუთვნის შრომები:„ ქალაქ ფლორენციის ქება“, „სამხედრო საქმის შესახებ“, „სწორი თარგმანის შესახებ“ და სხვ.

იულიუს კეისარი

გაიუს იულიუს კეისარი დაიბადა ძვ. წ. 100, 12 ივლისს, წარჩინებული პატრიციანული გვარის, გაიუს იულიუს კეისრის ოჯახში. კეისრის ახალგაზრდობა სულას დიქტატურას დაემთხვა. ეს იყო უაღრესად სისხლიანი დრო რომის ისტორიაში. გაიუს მარიუსი, იმ დროისათვის უკვე გარდაცვლილი მხედართმთავარი, სულას დაუძინებელი მტერი კეისარს ბიძად ეკუთვნოდა (მამიდის — იულიას მეუღლე). ეს, კი სასიკვდილო განაჩენი იყო იმ დროს. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ კეისარი ძალიან ახალგაზრდა იყო, სულა მასში უკვე ხედავდა ძლიერ პიროვნებას და მისი რეჟიმის მტერს. კეისარი იხსნა ვესტას ქურუმ ქალთა თხოვნამ. კეისარს რომში აღარ დაედგომებოდა. იგი წავიდა საბერძნეთში, სამოგზაუროდ და სასწავლებლად. სულას გარდაცვალების შემდგომ კეისარი ისევ დაბრუნდა რომში, სადაც დაიწყო აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა. კეისარს სამომავლოდ დიდი პროექტები ჰქონდა დაგეგმილი, მათ განსახორციელებლად კი საჭირო იყო ძალაუფლების ხელში ჩაგდება.პირველი თანამდებობა, რომელიც მან მიიღო, იყო სამხედრო ტრიბუნობა, ანუ ლეგიონის მეთაურობა. ამ თანამდებობაზე ან კონსულები ნიშნავდნენ, ან სახალხო კრებაზე ირჩევდნენ. კეისარი სწორედ ხალხმა აირჩია სამხედრო ტრიბუნად. მას მეტოქეც ჰყავდა ამ თანამდებობაზე - გაიუს პოპილიუსი - მაგრამ ხალხმა პოპილიუსს კეისარი ამჯობინა.

ეს გამოხატულება იყო იმ საერთო პატივისცემისა და სიყვარულისა, რომლითაც ახალგაზრდა კეისარი გარემოსილი ყოფილა სწორედ სახალხო ფენებში. ხალხს ხიბლავდა მისი თავაზიანობა, ალერსიანი მოპყრობა და ლამაზი, ჭკვიანი სიტყვდა, განსაკუთრებით კი მისი სიუხვე და ხელგაშლილობა - ხალხისთვის გაშლილი მდიდრული სანადიმო სუფრები

არისტოკრატები კი - რესპუბლიკისთვის “თავდადებული” არისტოკრატები, რომლებიც ყოფელი ცალკე პიროვნების აღზევებაში მათი ხელისუფლების მომავალ დამამხობელს ხედავდნენ - ჯერ მაინც რაიმე საშის ძალად არ მიიჩნევდნენ კეისარს. მალე ფული შემოელევა, ეგ სახალხო სუფრები მოუწყდება და ხალხიც, როგორც ყოველთვის, თავის ფარისეველ კეთილისმყოფელს მიატოვებს და დაივიწყებსო - ფიქრობდნენ ოპტიმისტები, კეისრის პიროვნული მოშურნენი და მოძულენი.

მაგრამ “რესპუბლიკის მამათა” შორის მაინც იყო ერთი კაცი, რომელიც კეისარში იმთავითვე ხედავდა რესპუბლიკისთვის მომავალ საფრთხეს. ეს კაცი იყო ციცერონი, რომელიც მაშინდელ ჭაბუკ კეისარს დროებით დამშვიდებულ ზღვას ადარებდა. კეისრის ალერსიანობა და სიხალისე ოდენ გარეგნული საფარველია, ხოლო შინაგანად მასში ტირანული შინაარსის განზრახვები იმალებაო, - ამბობდა ციცერონი, თუმცაღა, ხანგადან ამასაც დასძენდა იგი: “როცა მე მის გულმოდგინე დაწყობილ თმას ვუცქერ, როცა ვხედავ, იგი თავს ერთი თითით იფხანს, მაშინ კი აღარ მგონია, იმ კაცს გუნებაში ისეთი დიდი ბოროტი ზრახვა ჰქონდეს, როგორიც რომაელთა სახელმწიფოებრივი წყობილების დამხობაა”.

ერთი თითით თავის ფხანა რომში ქალაჩუნობად ითვლებოდა და ციცერონიც თითქოს იმედოვნებდა, რომ ქალივით კოპწია კეისარი მოკლებული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო გადატრიალებისთვის აუცილებელ ვაჟკაცურ თვისებებს.

კეისარი კი ხალხში სიყვარულსა და მხარდაჭერას უფრო და უფრო იძლიერებდა. იმჟამად იგი ცნობილი აპიუსის გზის (via Apia) (გზა რომსა და კაპუას შორის) პროკურატორად იყო დანიშნული და მიუხედავად ათას სამასი ტალანტის ვალისა, მაინც ამ გზის კეთილმოწყალედ კეისარმა პირადი ქონებიდან არაფერი დაზოგა.

ისტორია

Friday, October 22, 2010
ისტორია – (ბერძნ. historia - თხრობა, მოთხრობა გარდასულ ამბებზე), 1. განვითარების ყოველგვარი პროცესი ბუნებასა და საზოგადოებაში; მაგ., სამყაროს შექმნის ისტორია, ცალკეულ მეცნიერებათა – ფიზიკის, მათემატიკის, სამართლის ისტორია და ა. შ.; 2. მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ადამიანთა საზოგადოების წარსულს მთელი მისი კონკრეტული ფორმებითა და მრავალფეროვნებით. საზოგადოების ისტორია პროცესებისა და მოვლენების, ცალკეულ ინდივიდთა, ადამიანთა კოლექტივების, მთელი კაცობრიობის კონკრეტული და მრავალმხრივი მოქმედებისა და საქციელის ერთიანობაა.